English / ქართული / русский /
მერაბ მიქელაშვილი
"ბიზნესის ადმინისტრირების" სამაგისტრო პროგრამის სამაგისტრო ნაშრომის/დისერტაციის მომზადების მეთოდიკის ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია. საქართველოს განათლების სისტემის წინაშე დგას ბოლონიის დეკლარაციით განსაზღვრული მიმართულებების რეალიზაციის ამოცანა, რომლის ერთ-ერთ უმნიშ¬ვნე¬ლოვანეს მდგენელს წარმოადგენს სწავლა მაგისტრატურის საფეხურზე. ქვეყნის უნივერსიტეტებში ათეულ წელზე მეტია მუშაობს სისტემა „ბაკალავრიატი–მაგისტრატურა–დოქ¬ტორანტურა“. დაგროვილი გამოცდილება დღის წესრიგში აყენებს განსაკუთრებით მაგისტრანტების მომზადების პრინციპების ახლებურ გააზრებას, რადგან ამ მიმართულებით მუშაობის მთავარი ამოცანაა სამეცნიერო და საწარმოო საქმიანობისთვის კვალიფიციური კადრების მომზადება. მაგისტრების მომზადების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საკვალიფიკაციო ნაშრომის – სამაგისტრო დისერტაციის მომზადება, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი და დისკრეტული სამეცნიერო კვლევის შედეგი.

საკვანძო სიტყვები:სამაგისტრო დისერტაცია, მაგისტრანტი, კვლევა, სამეცნიერო -კვლევითი მუშაობა.

შესავალი

სიტყვა «დისერტაცია» მომდინარეობს ლათ. dissertatio-დან, რომელიც ნიშნავს მსჯელობას, კვლევას. დისერტაცია წარმოიშვა, როგორც სპეციალური ხელნაწერი სამეცნიერო ნაშრომი, რომლის პოზიციებიც საჯარო დისკუსიის დროს უნდა დაიცვა.

 სამაგისტრო დისერტაცია დისერტაციების განსაკუთრებული სახეობაა. უნდა აღინიშნოს, რომ მაგისტრის ხარისხი არ არის მეცნიერული, არამედ აკადემიურია, ის დოქტორის ხარისხს წინ უსწრებს და ახასიათებს მაძიებლის კვალიფიკაციას, მის, როგორც დამწყები მეცნიერ მკვლევრის, უნარ-ჩვევებს.

სამაგისტრო კვლევა მიზნად ისახავს მაგისტრანტის სამეცნიერო პოტენციალის გამოვლენას, მისი   დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის ორგანიზებისა და ჩატარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით, შესწავლილი სფეროს პრობლემების გადაჭრას, ჩატარებული კვლევის შედეგების გამოვლენას, მათ არგუმენტირებას და დასაბუთებული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას.

სამაგისტრო ნაშრომი არის სამეცნიერო შინაარსის მქონე დასკვნითი საკვალიფიკაციო ნაშრომი, რომელსაც ახორციელებს მაგისტრანტი სტუდენტი დამოუკიდებლად, სწავლის დასკვნით ეტაპზე სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად.

სამაგისტრო დისერტაცია განეკუთვნება საგანმანათლებლო და კვლევითი სამუშაოს კატეგორიას, მისი სამეცნიერო დონე უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო პროგრამას. იგი უნდა განსხვავდებოდეს წინა საფეხურის სადიპლომო ნამუშევრისგან თავისი სამეცნიერო ორიენტირებით. მაგისტრი უნდა ფლობდეს ფართო ერუდიციას, ფუნდამენტურ  სამეცნიერო ბაზას, სამეცნიერო შემოქმედების მეთოდოლოგიას, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების მეთოდებს, უნდა ჰქონდეს ნაყოფიერი კვლევითი, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის უნარები.

სამაგისტრო ნაშრომი არის სამეცნიერო შინაარსის საკვალიფიკაციო ნაშრომი, რომელსაც აქვს შინაგანი ერთიანობა და ასახავს არჩეული თემის დამუშავების   პროგრესსა და შედეგებს. იგი უნდა შეესაბამებოდეს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თანამედროვე დონეს, ხოლო საკვლევი თემა უნდა იყოს აქტუალური.

სამაგისტრო დისერტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ისეთი ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს, რამდენად სრულად არის ასახული და დასაბუთებული მასში არსებული დებულებები, დასკვნები და რეკომენდაციები, მათი სიახლე და მნიშვნელობა.   ნაშრომში მიღებული შედეგების ერთობლიობა უნდა მოწმობდეს მისი ავტორის მიერ პროფესიული საქმიანობის არჩეულ სფეროში სამეცნიერო მუშაობის პირველადი უნარების არსებობას.  სამაგისტრო დისერტაციას აქვს ყველა ის მახასიათებელი, რაც ზოგადად სადისერტაციო ნაშრომებს ახასიათებს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამეცნიერო ხარისხზე აცხადებენ პრეტენზიას მათი ავტორები.

დისერტაცია, როგორც სამეცნიერო ნაშრომი, ძალიან სპეციფიკურია. უპირველეს ყოვლისა, ის განსხვავდება სხვა სამეცნიერო ნაშრომებისგან იმით, რომ ის მეცნიერების სისტემაში ასრულებს საკვალიფიკაციო ფუნქციას, ანუ გულისხმობს მზადებას საჯარო დაცვისა და სამეცნიერო ხარისხის მიღებისთვის . ამ თვალსაზრისით, მისი ავტორის მთავარი ამოცანაა საკუთარი სამეცნიერო კვალიფიკაციის დონის დემონსტრირება და, უპირველესად, დამოუკიდებლად სამეცნიერო ძიების წარმართვისა და კონკრეტული სამეცნიერო ამოცანების გადაჭრის უნარის წარმოჩენა.

სამაგისტრო დისერტაცია ამყარებს მიღებულ ინფორმაციას ტექსტური და ილუსტრაციული მასალის სახით, რომელშიც დისერტანტი საკუთარი შეხედულებით ალაგებს დაგროვილ სამეცნიერო ფაქტებს და ამტკიცებს ამა თუ იმ დებულებების სამეცნიერო ღირებულებას ან პრაქტიკულ მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება არა ავტორიტეტს, ტრადიციას ან რწმენას, არამედ   სამეცნიერო საზოგადოებისთვის მისაღები ნორმებისა და კრიტერიუმების  ერთობლიობას. 

სამაგისტრო დისერტაცია ადეკვატურად ასახავს როგორც ზოგადსამეცნიერო, ასევე სპეციალურ სამეცნიერო ცოდნის მეთოდებს, რომელთა გამოყენების კანონიერება ყოვლისმომცველია და დასაბუთებულია მათი გამოყენების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. დისერტაციის შინაარსი ახასიათებს მიღებული შედეგების ორიგინალობას, უნიკალურობას და განუმეორებლობას. შინაარსის საფუძველი არის პრინციპულად ახალი მასალა, რომელიც მოიცავს ახალი ფაქტორების, მოვლენებისა და კანონზომიერებების აღწერას ან სხვა სამეცნიერო პოზიციებიდან, ან ადრე ცნობილი პოზიციების განზოგადებას  სრულიად სხვა ასპექტიდან.

დისერტაციის შინაარსი ყველაზე სისტემატიზებული სახით აფიქსირებს როგორც სამეცნიერო კვლევის   წინაპირობებს, ასევე მის მთელ მიმდინარეობას და მის მიერ მიღებულ შედეგებს. ამასთან ეს არ არის მხოლოდ სამეცნიერო ფაქტების აღწერა, არამედ მიმდინარეობს   ყოვლისმომცველი ანალიზი, იხილება   ტიპური სიტუაციები, ალტერნატივები და მათგან ერთ-ერთის არჩევის მიზეზები. 

მიუხედავად იმისა, რომ დისერტაცია, როგორც ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომი, უნდა გამორიცხავდეს შესწავლილი სამეცნიერო ფაქტებისადმი სუბიექტურ  მიდგომას, ის მაინც ვერ უვლის გვერდს სუბიექტურ შეხედულებებს, რომლებიც დისერტანტის შემოქმედებითი ინდივიდუალურობითაა განპირობებული, რადგან აქ ყოველთვის ანგარისგასაწევია ისეთი ფაქტები, როგორიცაა მაგისტრანტის ცოდნა და პირადი გამოცდილება, შეხედულებები და მიდრეკილებები, რომლებიც განპირობებულია დისერტაციის მომზადების საზოგადოებრივ-ისტორიული პირობებით.

დისერტაცია, რომელიც ყოველთვის ასახავს ერთ კონცეფციას ან ერთ კონკრეტულ თვალსაზრისს, თავიდანვე ჩართულია   სამეცნიერო პოლემიკაში და წარმოადგენს   ფაქტობრივად  დაუსწრებელი სამეცნიერო დისკუსიის ერთ-ერთ  მონაწილეს. მისი შინაარსი იძლევა წონად და დამაჯერებელ არგუმენტებს არჩეული კონცეფციის სასარგებლოდ, ყოველმხრივ ანალიზდება და მტკიცებულებით აკრიტიკებს მის საწინააღმდეგო  თვალსაზრისებს.

სწორედ აქ ყველაზე სრულად აისახება მეცნიერული შემეცნების ისეთი თვისება, როგორიც არის კრიტიკულობა არსებული შეხედულებებისა და წარმოდგენების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ დისერტაციის შინაარსი ასახავს მის ისეთ თავისებურებას, როგორიც არის მასში დისკუსიული და პოლემიკური მასალის არსებობა.

ეს არის   ზოგადად დისერტაციის და, კერძოდ, სამაგისტრო  დისერტაციის ძირითადი ტიპოლოგიური მახასიათებლები. იმის გათვალისწინებით, რომ სამაგისტრო საფეხური მხოლოდ პირველი საფეხურია სამეცნიერო-კვლევითი და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით, რომელიც დოქტორანტურაში სწავლას    და სადოქტორო დისერტაციის მომზადებას უწყობს ხელს, თანამედროვე საქართველოს უმაღლესი სკოლის სისტემაში შესრულებული სამაგისტრო დისერტაცია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამეცნიერო ნაშრომად ვერ ჩაითვლება, რადგან მაგისტრის ხარისხი არა სამეცნიერო, არა­მედ აკადემიური ხარისხია, რომელიც ასახავს, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის განათლების დონეს, რომელიც მოწმობს მასში დამწყები მეცნიერისთვის დამახასიათებელი უნარებისა და ჩვულების არსებობას.

დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მისაღები დისერტაცია წარმოადგენს სერიოზულ სამეცნიერო-კვლევით ნაშრომს, სამაგისტრო დისერტაცია კი, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევაა, მაინც უნდა მიეკუთვნოს სასწავლო-კვლევითი სამუშაოების ნაწილს, რომელთაც საფუძვლად უდევს   უკვე ცნობილი გადაწყვეტილებების მოდელირება. მისი მეცნიერული დონე ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს სასწავლო პროგრამას. ასეთი ნაშრომის შესრულება უნდა იყოს არა იმდენად სამეცნიერო პრობლემების გადაჭრის, არამედ იმის დასტური, რომ მისმა ავტორმა დამოუკიდებლად ისწავლა სამეცნიერო კვლევა,   პროფესიული პრობლემების დანახვა და მათი გადაჭრის ყველაზე ზოგადი მეთო­დები  და ხერხები. 

სადოქტორო დისერტაციებთან შედარებით სამაგისტრო ნაშრომი  მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან მომზადებისა და დაცვის პროცედურის მხრივ. თუ სადოქტორო დისერტაციით მიღებული ძირითადი შედეგები უნდა გამოქვეყნდეს სამეცნიერო ჟურნალებში,  ეს მოთხოვნა არ არის სავალდებულო სამაგისტრო ნაშრომისთვის.

მნიშვნელოვნად გამარტივებულია სამაგისტრო დისერტაციის საჯარო დაცვის პროცედურა, რომელიც არ საჭიროებს ოფიციალური ოპონენტების დანიშვნას. ასეთი დისერტაცია მხოლოდ სავალდებულო რეცენზირებას ექვემდებარება. ეს არის სამაგისტრო დისერტაციის ძირითადი განსხვავება სადოქტორო დისერტაციისგან,  მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს განსხვავებები საკმაოდ მნიშვნელოვანია, მათი მომზადების ზოგადი პრინციპები ერთი და იგივეა. ამიტომ მიზანშეწონილია სამაგისტრო დისერტაციის მომზადების მეთოდოლოგიის გააზრება დაიწყოს სამეცნიერო შემოქმედების ზოგადი მეთოდოლოგიით.  

ძირითადი ტექსტი

მაგისტრანტების მომზადება პროგრამით „ბიზნესის ადმინისტრირება“ გვავალდებულებს  განვსაზღვროთ:

  • Ø განვსაზღვროთ, ერთი მხრივ,  სამაგისტრო დისერტაციის,   როგორც პროგ­რა­მის სავალდებულო კომპონენტის, განსხვავება საბაკალავრო საკვა­ლიფიკაციო ნაშრომისაგან და, მეორე მხრივ, სადოქტორო  დისერტაციისაგან;
  • Ø ნათელი წარმოდგენა შევუქმნათ მაგისტრანტებს სამაგისტრო დისერტაციის სტრუქტურაზე;
  • Ø განვსაზღვროთ დამოუკიდებელი სამეცნიერო ძიების ნიშა.

სავსებით ნათელია, რომ სადოქტორო დისერტაციის შესრულების პრინციპების პირდაპირი გადმოტანა სამაგისტრო დისერტაციის მომზადების დროს მიუღებელია.

სამაგისტრო დისერტაცია განსხვავდება საბაკალავრო საკვალიფიკაციო ნაშრომისგან მასში სამეცნიერო-კვლევითი ელემენტების არსებობით, რომელიც შესაბამისობაშია დისერტაციის თემასთან. იმავდროულად, ის აყალიბებს მაგისტრანტში სადოქტორო თემაზე მუშაობის უნარებს, რომელიც გულისხმობს შემოქმედებით აზროვნებას, სამეცნიერო კვლევების მეთოდების დაუფლებას, მეცნიერების კონკრეტულ სფეროში ცოდნის გაღრმავებასა და გაფართობას.

სამაგისტრო დისერტაცია უნდა ასახავდეს მაგისტრანტის მიერ ლიტერატურის დამოუკიდებლად მოძიების უნარს, თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის შერჩევას, სისტემატიზაციას, ანალიზსა და განზოგადებას, მის დაკავშირებას ექსპერიმენტარულ-სამეცნიერო კვლევებთან.

სამაგისტრო დისერტაციის შინაარსსა და გაფორმებას გარკვეული მოთხოვნები განსაზღვრავს. თავდაპირველად იქმნება მისი განხორციელების გეგმა ვადების მითითებით. გეგმა ასახავს დისერტაციის სტრუქტურას, რომლის თითოეული ნაწილი სრულდება სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით.

შესავალს გააჩნია საკმაოდ რთული სტრუქტურა, რადგან განსაზღვრავს სამეცნიერო კვლევის ლოგიკას და მიმდინარეობას. აქ დასაბუთებული უნდა იყოს  არჩეული თემის აქტუალობა, კვლევის ობიექტი და საგანი,   კვლევის მიზანი და ამოცანები. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები დამოკიდებულია არა მხოლოდ დისერტაციის თემაზე, არამედ მაგისტრანტის განზრახვაზე.

პირველ, თეორიულ თავში ასახული უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის მიმოხილვა,  თემასთან დაკავშირებული უკვე არსებული თეორიული კვლევის შედეგები, ჩასატარებელი კვლევის მეთოდოლოგიური მიდგომები, მეთოდები, მეთოდიკა და ტექნიკა.

მეორე, ანალიტიკურ თავში უნდა აღიწეროს კვლევის პროცესი, თემასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოშობის მიზეზები,   გამოვლენილი კანონზომიერებები, ტენდენციები, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები, განვითარების რეზერვები, კვლევის საგნის ობიექტისა და საგნის სისტემატიზებული მახასიათებლები, გამოყენებული მეთოდების ეფექტურობის შეფასება, ექსპერიმენტის შედეგები, შეთავაზებულია ექსპერიმენტის ჰიპოთეზა და გეგმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

მესამე, კონსტრუქციულ თავში უნდა ჩამოყალიბდეს საკვლევი პრობლემის გადაწყვეტის ახალი მეთოდიკა და მეთოდები,  მიღებული შედეგები, აღიწეროს ტექნოლოგიები, აგრეთვე არგუმენტირებულად უნდა დასაბუთდეს კვლევის შედეგად ჩამოყალიბებული დებულებების   სიახლე.

დასკვნაში უნდა განისაზღვროს მიღებული შედეგების გამოყენების სფერო და დასაბუთდეს ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები.

შესაძლებელია სამეცნიერო კვლევის მთელი მიმდინარეობის წარმოდგენა  ლოგიკური თანმიმდევრობით: არჩეული თემის აქტუალობის დასაბუთება, კვლევის ობიექტისა და საგნის განსაზღვრა, კვლევის მიზნისა და კონკრეტული ამოცანების დასახვა, კვლევის ჩატარების მეთოდის (მეთოდიკის) განსაზღვრა, კვლევის პროცესის აღწერა,  მიღებული შედეგების შეფასება და დასკვნის ფორმულირება.

არჩეული თემის აქტუალობის დასაბუთება  ნებისმიერი კვლევის საწყისი ეტაპია. ნებისმიერ საკვალიფიკაციო ნაშრომში კვლევის აქტუალობის დასაბუთების უნარი არის მაგისტრანტის პროფესიული მომზადებისა და სამეცნიერო სიმწიფის მახასიათებელი. უპირველეს ყოვლისა, აუცილებებლია იმ სისტემის (დარგი, საწარმო, ბაზრის სეგმენტი, ინფრასტრუქტურის ელემენტი და ა.შ.)  კონკრეტიზაცია, სადაც წარმოიქმნება პრობლემა. შემდეგ პრობლემის ზუსტი ფორ­მულირება, მისი მდგომარეობის განსაზღვრა, კვლევების ჩატარების არგუმენტირება და პრობლემის გადაწყვეტის მიმართულების განსაზღვრა (მეთოდიკის, მიდგომის, კონცეფციის შემუშავება).

კვლევის ობიექტი არის ობიექტური რეალობა, რომელიც განიხილება როგორც სისტემა. სისტემა არის განსაკუთრებული მთლიანობა და ხასიათდება მრავალი ურთიერთდა­კავშირებული ელემენტით, რომლებიც მოწესრიგებული არიან ერთიანი მიზნის მისაღწევად. სისტემა სტრუქტურიზებულია და გააჩნია მართვის მექანიზმი. ობიექტის სისტემური წარმოდგენა კვლევის პროცესში  მთლიანიდან ნაწილზე და პირიქით  გადასვლის საშუალებას იძლევა. სისტემის ელემენტებს შორის არსებობს სხვადასხვა კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. მართველობითი ზემოქმედების შედეგად ხდება სისტემის რომელიმე ელემენტის ცვლილება, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს რეაქციას მთლიანად სისტემაში, ე.ი. ე.წ. შინაგან სისტემურ ეფექტს.

ობიექტი წარმოადგენს პრობლემის მატარებელს, რომელიც წარმოიქმნება შინაგანი და გარეგანი ფაქტორებით და უარყოფით ან დადებით გავლენას ახდენს ობიექტის მდგომარეობაზე. ამის გამო, არსებობს პრობლემის განსაზღვრისა და განხილვის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოვლენის, ობიექტის სასურველ მდგომარეობაში მოყვანის აუცილებლობა. პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელია მისი წარმოშობის მიზეზების იდენტიფიცირება, კერძოდ, ელემენტებს შორის კავშირის დარღვევა, მათი თვისებების დაკარგვა, მათ ურთიერთქმედებებში წინააღმდეგობების წარმოშობა და ა.შ. შესაბამისად სამეცნიერო კვლევის პროცესში ობიექტის გარდა განიხილება კვლევის საგანი.

კვლევის საგანიობიექტის მდგომარეობისა და განვითარების ისეთი ასპექტია (თეორიული, მეთოდოლოგიური, პრაქტიკული, მართველობითი, ორგანიზაციული და ა.შ.), რომლის კვლევისა და შესწავლის შედეგები, ხელს უწყობს ობიექტის პრობლემის გადაწყვეტას. საგნობრივი კვლევა სისტემის დანაწევრებისა  და პრობლემური ელემენტების, თვისებების, ფუნქციების გამოყოფის საშუალებას იძლევა, რაც თავის მხრივ მათი დეტალური და სიღმისეული შესწავლის საფუძველია. კვლევის საგანი განსაზღვრავს სამაგისტრო დისერტაციის თემას.

კვლევის მიზნისა და კონკრეტული ამოცანების დასახვა სამაგისტრო დისერტაციის მნიშვნელოვანი ეტაპია. მიზანი არის საბოლოო შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მკვლევარს. ამოცანები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, ყალიბდება ჩამო­ნათვალის სახით (აღვწეროთ.., შევისწავლოთ.., დავადგინოთ.., გავარკვიოთ.. და ა.შ.). ამოცანების ფორმულირება უნდა მოხდეს გულდასმით, რადგან მათი გადაწყვეტის გზების აღწერა წარმოადგენს სამაგისტრო დისერტაციის თავების შინაარსს. თავების დასახელებაც სწორედ ჩასატარებელი კვლევების ამოცანების ფორმულირების საფუძველზე  იბადება. დებულებებისა და მიგნებების რაოდენობა, რომელიც ნაშრომის დაცვაზეა წარმოდგენილი, როგორც წესი, ემთხვევა დასმული ამოცანების რაოდენობას.

კვლევის ჩატარების მეთოდის (მეთოდიკის) განსაზღვრადასახული მიზნის მიღწევის აუცილებელი პირობაა, რადგან მეთოდები წარმოადგენს პრობლემის გადაჭრისთვის აუცილებელი  ფაქტობრივი მასალის მოპოვების ინსტრუმენტს. სისტემური მიდგომა გულისხმობს არსებული სამეცნიერო სკოლების მეთოდოლოგიური ბაზის კომპლექსურ შესწავლას, რაც აუცილებელია კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად არჩეული მეთოდების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად.

საგანი, მიზნები, ამოცანები და კვლევის მეთოდები ერთობლობაში ქმნის კვლევის აპარატს, რომელიც სამაგისტრო დისერტაციის მთავარ ნაწილზე – კვლევის პროცესის  აღწერაზე  გადასვლის საშუალებას იძლევა. აქ ხდება კვლევის მეთოდისა და მეთოდიკის განხილვა, რომელიც ეფუძნება მათემატიკურ, ლოგიკურ, სტატისტიკურ, მორფოლოგიურ და სხვა წესებსა და კანონებს, რაც მთავრდება მიღებული შედეგების განზოგადებით. სამაგისტრო დისერტაციის თავების დასახელებები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს საკვლევ  თემას და ბოლომდე უნდა ხსნიდეს მის არსს.

მიღებული შედეგების შეფასება და დასკვნების ფორმულირება  სამეცნიერო კვლევის დასკვნითი ეტაპია, რომელიც შეიცავს იმ არსებით სიახლეებს, რაც მოცემულია ჩატარებული კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულ წინადადებებსა და რეკომენდაციებში.   აქვე უნდა იყოს დასაბუთებული ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა.

სამეცნიერო სიახლის ზოგადი ფორმულირება შედგება მაგისტრანტის მიერ მიღებული სიახლეებისგან და მიგნებებისგან, რომელიც გატანილი უნდა იქნეს ნაშრომის დაცვაზე. 

დასკვნა

მაგისტრი უნდა ფლობდეს ფართო ერუდიციას და ფუნდამენტურ  სამეცნიერო ბაზას,  სამეცნიერო შემოქმედების მეთოდოლოგიას, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გამოყენების მეთოდებს, ჰქონდეს ნაყოფიერი კვლევითი,  სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობის უნარი.

სამაგისტრო ნაშრომში მიღებული შედეგების ერთობლიობა უნდა მოწმობდეს, რომ მის ავტორს აქვს არჩეულ სფეროში კვლევითი საქმიანობის საწყისი უნარები.

სამაგისტრო ნაშრომი უნდა შეიცავდეს ავტორის მიერ დასაცავად წარმოდგენილ შედეგებსა და სამეცნიერო დებულებებს, ჰქონდეს შინაგანი ერთიანობა, მოწმობდეს ავტორის უნარზე, დამოუკიდებლად აწარმოოს სამეცნიერო ძიება თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამოყენებით, დაინახოს პროფესიული პრობლემები, იცოდეს პრობლემების  გადაჭრის მეთოდები  და ტექნიკა.

სამაგისტრო დისერტაციის მომზადება რთული შემოქმედებითი პროცესია. დისერტაციაზე მუშაობის დაწყებისას მაგისტრანტს, როგორც წესი, მიახლოებით ესმის კვლევის შედეგი და სამუშაოს თანმიმდევრობა. ამ თვალსაზრისით, დამწყები მკვლევრისთვის მნიშვნელოვანია დისერტაციის, როგორც საკვალიფიკაციო   ნაშრომის მოთხოვნების მკაფიო და ცალსახა გაგება, ცოდნა სამეცნიერო კვლევის მეთოდოლოგიის, შემოქმედებითი პროცესის ეტაპებისა და პროცედურების შესახებ.

 მაგისტრატურის სტუდენტებთან მუშაობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ დამწყებ მკვლევრებს ყველაზე მეტად უჭირთ სამეცნიერო საქმიანობის პირველი ნაბიჯების გადადგმისას  მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხების გააზრება, რაც კარგად აიხსნება კვლევების   ჩატარების   გამოცდილების ნაკლებობით. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Emma Bell, Alan Bryman, Bill Harley  2022, Business Research Methods, Oxford University Press

2. John Biggam, 2008, Succeeding with Your Master’s Dissertation, Open University Press

3. Patricia Gosling · Bart Noordam 2022,  Mastering Your PhD Survival and Success in the Doctoral Years and Beyond, Springer Nature Switzerland AG

4. Chris Hart, 2019, Doing Your Masters Dissertation, SAGE Publications

5. Estelle M. Phillips , Colin G. Johnson, 2022, How to get a PhD A handbook for students and their supervisors , Open University Press